Monday, June 21, 2010

გლობალური დათბობა

რა არის გლობალური დათბობა?

გლობალური დათბობადედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები

მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზ-ქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. მზის ლაქებზე დაკვირვება მეცნიერებმა სისტემატიურად 1749 წლიდან დაიწყეს. დღეს მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ამ ლაქების გამოჩენა-გაქრობის ზეგავლენა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე - ლაპარაკობენ რადიონახშირჟანგის, C14-ის, ცვალებადობასა და მზის კოსმოსური გამოსხივების ზეგავლენით მისი რაოდენობის ზრდაზე. ამ თეორიის მომხრე მეცნიერებმა, დაკვირვების შედეგად, შუა საუკუნეებში აცივება-დათბობის ახსნაც კი შეძლეს. ლაპარაკია, აგრეთვე, ღრუბლების წარმოქმნა-არწარმოქმნის კავშირზე კოსმოსურ გამოსხივებასთან. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის გამომწვევი პროდუქტების წარმოება? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობა დღეს არსებული ყველა თეორიის განხილვაა. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა მზის თეორიის შესახებ არ იყო ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება არ ჰქონდა არგუმენტების გარეშე უარეყო ეს თეორია. ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ მზის თეორიას იმის გამო უარყოფენ, რომ არ იცნობენ ან უგულუბელყოფენ მას.

გლობალური დათბობა საქართველოში

sun sunმსოფლიო გლობალური დათბობის გამო, ბოლო წლებში გახშირებული გვალვა და წვიმები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას აზარალებს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობასაც. გარემოს მართვის სპეციალისტი, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს მდივანი ხელისუფლებისაგან მოითხოვს აუცილებლად გატარდეს რამდენიმე გადაუდებელი ღონისძიება. აკაკი ფანჩულიძის აზრით, პირველ რიგში აუცილებელია „ადაპტაციისა და შერბილების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რაც თავის მხრივ ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციაცაა. მისივე თქმით, საშიში პროცესების თვითდინებაზე მიშვებას საზოგადოების მასობრივი პოლიტიზირება უწყობს ხელს.