Monday, June 21, 2010
გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები
მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზ-ქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. მზის ლაქებზე დაკვირვება მეცნიერებმა სისტემატიურად 1749 წლიდან დაიწყეს. დღეს მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ამ ლაქების გამოჩენა-გაქრობის ზეგავლენა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე - ლაპარაკობენ რადიონახშირჟანგის, C14-ის, ცვალებადობასა და მზის კოსმოსური გამოსხივების ზეგავლენით მისი რაოდენობის ზრდაზე. ამ თეორიის მომხრე მეცნიერებმა, დაკვირვების შედეგად, შუა საუკუნეებში აცივება-დათბობის ახსნაც კი შეძლეს. ლაპარაკია, აგრეთვე, ღრუბლების წარმოქმნა-არწარმოქმნის კავშირზე კოსმოსურ გამოსხივებასთან. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის გამომწვევი პროდუქტების წარმოება? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობა დღეს არსებული ყველა თეორიის განხილვაა. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა მზის თეორიის შესახებ არ იყო ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება არ ჰქონდა არგუმენტების გარეშე უარეყო ეს თეორია. ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ მზის თეორიას იმის გამო უარყოფენ, რომ არ იცნობენ ან უგულუბელყოფენ მას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment